ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - ჰუმანიტარული დერეფნით 550-მა ადამიანმა ისარგებლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, მდინარე ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გახსნილი ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნით, 550-მა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ მან „სპუტნიკს“ განუცხადა.

მისი თქმით, მდინარე ენგურზე ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი 3 დეკემბრის დილის 9:00 საათიდან 10 დეკემბრის 18:00 საათამდე გაიხსნა.

მისივე გამოთვლით, ამ პერიოდის განმავლობაში „დერეფნით“ დღე-ღამეში 60 ადამიანი სარგებლობდა.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ პირებს უნდა გაევლოთ სამედიცინო-სანიტარული კონტროლი, რაც კოვიდ-19-თან არის დაკავშირებული, ასევე უნდა წარმოედგინათ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობა, რომ პუნქტზე გადასვლის მსურველებს არ ჰქონდათ კორონავირუსი.