სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების წარმომადგენლები მთავრობასთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალონი "კრეატივის" დამფუძნებელმა, ელენე პაიჭაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სალონების ფუნქციონირება ნებადართულია, ისინი ვერ მუშაობენ, რადგან მომხმარებლები არ ჰყავთ. მისი თქმით, სექტორს მთავრობის დახმარება საბანკო ვალდებულებების და გადასახადების დაფარვის კუთხით სჭირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ გახსნილები ვართ, რეალურად ვერ ვმუშაობთ. გადასახდელი გვაქვს ქირა და საბანკო კრედიტები, იჯარა, კომუნალური გადასახადები. ამასთან, რადგან არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არათუ მომხმარებლები, თანამშრომლებიც ვერ მოდიან სალონამდე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის სახელმწიფოს მიერ გადახედვა. სრულიად ნულზე ვართ. დღეში ერთ კლიენტს თუ მივიღებთ და ხანდახან ისიც არ გვყავს. შემოსავალი არ გვაქვს და არ ვიცი როგორ უნდა გადავიხადოთ ამდენი გადასახადი. ამიტომ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მთავრობამ გაითვალისწინოს. ელემენტარულად, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს, მოისმინონ ჩვენი აზრიც. მოხდეს სესხების სუბსიდირება, რადგან გადავადებით გროვდება და ფიზიკურად ვერ ვიხდით. მოხდა სასტუმროების, ტურისტული სექტორის სესხების სუბსიდირება და ჩვენ არავინ არ მოგვხედა, რადგან გვქვია, რომ ვმუშაობთ და ღიაა სალონები, რა მნიშვნელობა აქვს, სალონი ღია იქნება თუ არა, როდესაც მომხმარებლები არ გვყავს. აუცილებლად უნდა დაგვიდგეს სახელმწიფო მხარში“,-განაცხადა ელენე პაიჭაძემ.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მომხმარებლების ნაკლებობაა, სალონების თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში არიან.