კომპანიამ, რომელიც ხორცპროდუქტებს უნიკალური ქართული ღორის ჯიშებისაგან ამზადებს, მომხმარებელს პრემიუმ ხაზი დეკემბრის დასაწყისიდან შესთავაზა. Native Georgian-ის დამფუძნებელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ხორცპროდუქტების გაყიდვა მზარდია.
ვალის ბაბლუანის თქმით, ბაზარზე დეკემბერში შემოტანილი, პრემიუმ ხარისხის რაჭული ლორი, ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება.
,,ჩვენი წარმოება ქალაქ ონშია, სადაც მიმდინარეობს ხორცპროდუქტების ქართული ტრადიციული მეთოდებით დავარგება. ამჯერად დეკემბრიდან დავიწყეთ რაჭული პრემიუმ ხარისხის ლორის წარმოება. ბარკლისგან და ბეჭისგან მზადდება პროდუქცია, რომელიც ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება და არცერთ ქსელში არ არის ხელმისაწვდომი. ეს არის, რასაც ვაწარმოებდით, იმ პროდუქციის პრემიუმ ხაზი.
რადგან, ხორცპროდუქტების რეალიზაციას სეზონურობა ახასიათებს და უფრო ზამთრის პროდუქტია, პანდემიის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გაყიდვები მზარდია“-განაცხადა ბაბლუანმა.
ცნობისთვის, Native Georgian ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანს ასაქმებს. თავდაპირველი ინვესტიცია 3 მლნ ლარია, სრული საინვესტიციო პაკეტი კი, ფინალური წარმოებით, 10-12 მლნ ევროს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ "საპარტნიორო ფონდმა" და კომპანია Native Georgian-მა „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 2018 წელს დაიწყეს, რომელიც განვითარების 5 ეტაპს მოიცავდა.
შეგახსენებთ, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება და ქსელურ სუპერმარკეტებში, კომპანიის მიერ წარმოებულ ხამონთან და რაჭულ ლორთან ერთად გაიყიდება.