,,პროდუქციის ახალი პარტია 20%-ით გაძვირდა“ - როგორია წინასაახალწლოდ ონლაინ საჩუქრებზე მოთხოვნა

პანდემიის პირობებში, ონლაინ საჩუქრებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა, მცირე ბიზნესის საქმიანობას ხელს რეგულაციები უშლის. კომპანიების ნაწილმა არ იცის, გააგრძელებს თუ არა ოპერირებას საახალწლოდ, თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება.

ალკოჰოლზე აწყობილი სასაჩუქრე ბოქსების კომპანიის წარმომადგენელი, ვაჟა ჩახუნაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მიუხედავად პროდუქციაზე ფასის მატებისა, მოთხოვნა არ შემცირებულა.

,,მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ისევ არის, ფასები იმდენად იზრდება და ბაზარზე იმდენი რეგულაციაა, რომ ეს გვიქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს. შემომტანები საცალო ვაჭრობაზე გადავიდნენ, ეს დამატებითი დაბრკოლებაა. ასევე, გადაადგილების პრობლემაა.

მთავარი კი მაინც ის არის, საჩუქარს როგორ იყიდის შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანი. მე, როგორც კომპანიას, მეზრდება თვითღირებულება, იძულებული ვარ გავზარდო პროდუქციის ფასი და მომხმარებელს ამ დროს, უმცირდება შემოსავალი. წინასაახალწლო პერიოდში, მოთხოვნა და ინტერესი იგივეა. ხალხს აქვს განცდა, რომ შეიძლება კიდევ მეტად გამკაცრდეს რეგულაციები და ამიტომ ამოწმებენ, ხომ ნამდვილად ვიმუშავებთ საახალწლოდაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფიზიკურად ვერ ვმუშაობთ სათანადოდ.

ჩვენი ბოქსები ალკოჰოლზეა აწყობილი და ახალი პარტია იქნება 20%-ით ძვირი, დოლარის კურსით და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეს კატასტროფული მატებაა, ამას ემატება არაადეკვატური შეზღუდვები, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება პანდემიის მართვას. იმ შემთხვევაში, თუ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არ შემსუბუქდა შეზღუდვები მომდევნო კვირიდანვე, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა მუშაობას საახალწლოდ“-აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

განსხვავებულია, ტკბილეულის ბოქსების ონლაინ მაღაზია ,,მონამის“ პოზიცია. მათი თქმით, პანდემიის გამო შეზღუდვებმა, ონლაინ საჩუქრებზე მოთხოვნა გაზარდა.

,,ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ტკბილეულის ყუთები. ეს არის შოკოლადში ამოვლებული მარწყვი, ბანანი და ა.შ. იმის გამო, რომ ყველაფერი დაკეტილია, ადამიანები საჩუქრებს ონლაინ აკეთებენ და შესაბამისად, გაზრდილია როგორც მოთხოვნა, ისე რეალიზაცია“- განუცხადეს ,,მონამიში“ "ბიზნესპრესნიუსს".

თამარ მუკბანიანი