ეროვნული ეკონომიკების სტრუქტურული ცვლილება ევრაზიისა და კავკასიის რეგიონში, - ამ თემაზე ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრისა და ორგანიზაცია ბრეტონ ვუდსის კომიტეტის ორგანიზებით ვებინარი გაიმართა, რომელზეც მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესიის სპიკერები, კობა გვენეტაძესთან ერთად, ასევე იყვნენ აზიის განვითარების ბანკის დასავლეთ და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი (Werner Liepach), სტანდარდ ენდ ფუარის (S&P) მთავარი ეკონომისტი პოლ გრუნვალდი (Paul Gruenwald) და მაკრო მრჩეველის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფერ ვიფერი (Christopher Weafer). სესიას მოდერირებას ჯეი პი მორგანის მმართველი და ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი (1991 - 2000) იაკობ ფრენკელი უწევდა (Jacob Frenkel).
ვებინარზე მონაწილეებმა მიმოიხილეს COVID - 19 - ის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ მაკროეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და რეგიონის ქვეყნები დგანან. ასევე გაიმართა დისკუსია ცენტრალური ბანკების როლზე, რომლებიც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ - ელექტრონული ვალუტა, კლიმატის ცვლილებები და სხვა.
კობა გვენეტაძემ ისაუბრა იმ კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგა. კერძოდ: ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამჟამად მუშაობს ღია ბანკინგის, ციფრული ბანკის ლიცენზირებისა და სხვა ინიციატივებზე, რომლითაც ფინანსური შუამავლობა უფრო სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომი გახდება.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორში კრიზისამდე გატარებული - ხშირად არაპოპულარული - რეფორმები კრიზისის პერიოდში დროული და საჭირო აღმოჩნდა.
„თანმიმდევრული მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის გატარებამ და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროულმა ამოქმედებამ ფინანსურ სისტემას პანდემიის ნეგატიური ეფექტის გაძლების საშუალება მისცა. უფრო მეტიც, მიუხედავად ეკონომიკური ვარდნისა, სწორედ დღეს არსებული ჯანსაღი ფინანსური სისტემა წაიყვანს საქართველოს ეკონომიკას გაჯანსაღებისკენ," - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ვებინარში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, მთავარი ეკონომისტები, აღმასრულებელი დირექტორები და ბანკირები სხვადასხვა ქვეყნიდან.