შვეიცარიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაყინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლუკაშენკო და მისი ვაჟი ვიქტორი იმ 15 პირს შორის არიან, რომლებსაც შვეიცარიაში შესვლა ან მოგზაურობა ეკრძალებათ და რომლებიც ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოყენებასა და დაპატიმრებებზე არიან პასუხისმგებლები.

„შვეიცარია შეშფოთებულია ბელარუსში არსებული დაძაბულობით და მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს”, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარია ბელარუსში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული ბრალდებების გამოძიებას მოითხოვს.