Deutsche Lufthansa AG ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოუწევს 1 000 პილოტის შტატის შემცირება 2021 წლის მეორე კვარტლისთვის, თუ პროფკავშირებთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება.
ეს შეეხება 500 მმართველ და 500 მეორე პილოტს, რომლებიც დატოვებენ ავიაკომპანიას შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ეხება სამუშაო გრაფიკების შემცირებას, - წერს MarketWatch-ი.
დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Lufthansa 29 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებდა, მათ შორის 20 ათასს გერმანიის საზღვრებს გარეთ. შედეგად კი კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება 109 ათას თანამშრომლამდე.
ყველა ავიაკომპანია, რომელიც შედის Lufthansa-ს ჯგუფში, პანდემიიდან გამომდინარე ფრენებზე მოთხოვნის შემცირების ფონზე ამცირებს რეისებს, ავიაპარკს და პერსონალს. წინასწარი პროგნოზით, კორნავირუსამდელ ნიშნულს ავიაგადაზიდვები მხოლოდ 2025 წელს დაუბრუნდება.
ამასობაში Lufthansa-ში აცხადებენ, რომ გასამმაგდა დაჯავშნული ბილეთების რაოდენობა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ვაქცინებზე. ავიამზიდავი ელოდება, რომ 2021 წელს დაჯავშნული ბილეთების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლის 50%-ს მიაღწევს.
ცნობისთვის, Lufthansa ჯგუფმა, რომელშიც ასევე შედის Eurowings, Swiss Airlines, Austrian Airlines და Brussels Airlines, 2019 წელს 145,2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო კომპანიისთვის. რეისების დატვირთვის მაჩვენებელმა შეადგინა 82,5%. ფლოტში შედიოდა 760 თვითმფრინავი. დასაქმებულთა რაოდენობა კი 2019 წლის ბოლოსთვის 138 ათასი ადამიანი იყო.