რა შემოსავალი აქვს და როგორია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ფინანსური მდგომარეობა

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის პოსტზე ოთარ ძიძიკაშვილმა 2019 წელს შემოსავლის სახით, 77 222 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა მისი ქონება 1 წელიწადში.

2020 წლის 30 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ძიძიკაშვილი ფლობს ოქროყანაში ორ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2020 წელს ჯამში, 40 500 ლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე ბინა თბილისში და მსუბუქი ავტომობილი - Toyota 200.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარშზე 27 763 დოლარი ჰქონდა, ამასთან, მისი შვილების ანაბარზე ფიქსირდება ასევე - 61 571 დოლარი ჯამურად. დეკლარაციის შევსების მომენტში ოთარ ძიძიკაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით ჰქონდა 45 000 დოლარი და 24 000 ლარი. მასვე საჩუქრის სახით გასულ წელს მიღებული აქვს 20 ათასი დოლარი.

რაც შეეხება მეუღლეს, მისი მეუღლე ფლობს ბინასა და ავტოფარეხს თბილისში. მასვე აშშ-ში როგორც ინდმეწარმეს შემოსავლის სახით 53 376 დოლარი აქვს მიღებული.

ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 24 ივლისს დაარსდა. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა.

თაია არდოტელი