დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სასურსათო მაღაზიებს რეკომენდაციით მიმართა, იმ შემხთვევაში, თუ ევროკავშირთან არ იქნება მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, პროდუქციის მარაგები შექმნან. ამის შესახებ გაზეთი The Sunday Times წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურსათის გარდა მაღაზიებს რეკომენდაციით მიმართეს მოიმარაგონ 6 თვის სამყოფი მედიკამენტებიც, სამედიცინო მოწყობილობები და ვაქცინები. როგორც გაზეთი გვარწმუნებს, მარაგების შევსება აუცილებელია, ვინაიდან მხარეები სავაჭრო შეთანხმებას დადგენილ ვადებში ვერ მიაღწევენ, ამან კი შესაძლოა, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შორის გამართული შეხვედრა, რომლის მიზანი ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლა იყო, შეთანხმების გარეშე დასრულდა.
BBC-ის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ჯერ კიდევ „დიდი დაშორებაა“.
მისი თქმით, დისკუსიები ”მკაფიო და საინტერესო” იყო და ორივე მხარემ "კარგად გააცნობიერა ერთმანეთის პოზიციები”, მაგრამ ისინი ”ერთმანეთისგან შორს რჩებიან”.
„გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მივიღებთ”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ბრიტანულმა მხარემაც გაავრცელა.
„გაიმართა გულწრფელი დისკუსია, იმ მნიშვნელოვან დაბრკოლებებზე, რომელიც მოლაპარაკებებში რჩება. ორ მხარეს შორის ძალიან დიდი განსხვავებები რჩება და ჯერ კიდევ გაუგებარია, შესაძლებელია თუ არა მათი გადალახვა”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 9 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ბრექსიტი და სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული უთანხმოების დაძლევა იყო. დიდ ბრიტანეთსა და ბლოკს შორის ბრექსიტის თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და ამის შემდეგ, ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.