ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიას Alexion-ს 39 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად AstraZeneca ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება 2021 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. შეთანხმების პირობების თანახმად კი, Alexion-ის მფლობელებს AstraZeneca-ს აქციების 15% ერგებათ.
„ეს შეთანხმება საშუალებას მოგვცემს გადავდგათ ნაბიჯი წინ იმუნოლოგიაში. ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას ახალი პრეპარატების შესაქმნელად, რომელიც შეუმსუბუქებს ცხოვრებას ადამიანებს მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიომ.
„30 წლის განმავლობაში Alexion მუშაობდა იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე. ამაყი ვარ იმით, რასაც ჩვენმა კომპანიამ მიაღწია და ამისთვის მადლიერი ვარ ჩვენი თანამშრომლების. იწყება ახალი თავი Alexion-ისთვის. ჩვენი სახით AstraZeneca მიიღებს ძლიერ პარტნიორს ბიომედიციანში დიდი შესაძლებლობებით“ - განაცხადა Alexion-ის თავკაცმა ლუდვიგ ჰანსტონმა.
ცნობისთვის, Alexion არის რთული და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მუშაობს ნევრალგიის, ნეფროლოგიის, ნივთიერებათა ცვლის, ონკოლოგიისა და სისხლის დაავადებების მიმართულებით, 1992 წელს ბიზნესმენ სტივენ სკინტო და ლეონარდ ბელოს მიერ დაარსდა. მისი შტაბ-ბინა ბოსტონში მდებარეობს.