დღეს ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო COVID-19-ს კრიზისის დასაძლევად,- ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. აღნიშნული 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა“,- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან (დაახლოებით 300 მილიონი ლარი), რომელიც „COVID -19 მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით“ არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში. გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა პანდემიის უარყოფითი შედეგების გამოსწორებაში.
„გადაწყვეტილება აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ მიღებულ იქნა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ. დარჩენილი თანხის გამოყოფა მოხდება მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, რომლებიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას.
აღნიშნულ ტრანშს წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს (დაახლოებით 400 მილიონი ლარის) ოდენობის სესხის გამოყოფა, რომელიც მიმდინარე წლის 25 ნოემბერს განხორციელდა. ორივე ტრანში არის 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის მთლიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სოციალური სფეროსა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.