1-ელი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 6 456 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.