თამარ გაბუნია - ეს კვირა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება იმისთვის, რომ დავინახავთ რა მიმართულებით მივდივართ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მცირედი შემსუბუქება აღნიშნება, მაგრამ ეს კვირა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება, რადგან დავინახავთ რა მიმართულებით მივდივართ. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, შემთხვევების კლებას ცალსახად უკავშირდება.

"ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლის კლების თვალსაზრისით, ცოტა ნაადრევია საუბარი, რადგან ეს გარკვეულწილად შაბათ-კვირის ეფექტს უკავშირდება. თუმცა ნიშნები იმისი, რომ სასწრაფოს გამოძახების რაოდენობა იკლებს და ასევე მოლოდინში მყოფი პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მიუთითებს იმაზე, რომ - ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა იმისთვის, რომ პაციენტების დაყოვნება ბინაზე აღარ ხდებოდეს. მცირედი შემსუბუქება აღინიშნება, მაგრამ ისევ უნდა დავაკვირდეთ... ეს კვირა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება იმისთვის, რომ დავინახავთ რა მიმართულებით მივდივართ. ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს და შემთხვევების კლებას ცალსახად უკავშირდება რეალურ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა გაბუნიამ.