28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მხოლოდ 12 და 13 დეკემბერს 3 ობიექტი დაჯარიმდა.

„12-13 დეკემბერს სულ ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტს გაფრთხილება მიეცა, 72 ობიექტის შემთხვევაში დეტალური შესწავლა მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით და დადგინდა, რომ შესაბამისობაშია პროტოკოლის მოთხოვნებთან. ამასთან, 42 ობიექტზე რემონიტორინგი განხორციელდა და დადგინდა, რომ 32 ობიექტი ითვალისწინებდა მოთხოვნებს, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო 3 ობიექტი დაჯარიმდა პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევისთვის.

ჯამში 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“,-აღნიშნა მან.