2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 39%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 40%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
„მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 656 ტონა), უკრაინასა (3 196 ტონა) და სომხეთში (2 838 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში", - ნათქვამია ინფორმაციაში.