მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში "საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა" და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ორივე მხარისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს დავებში მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის, აქტიურ და ქმედით გამოყენებას.
მათივე ცნობით, იგეგემება ერთობლივი პროექტების და ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის მედიაციის მექანიზმის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება "საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის" წლების განმავლობაში საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და არბიტრაჟთან ერთად მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაცია სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.
„ვულოცავთ მედიატორთა ასოციაციას მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნას და მივესალმებით ახალ პარტნიორს. ჩვენთვის პატივია, მედიატორთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი და ნაყოფიერი იქნება ჩვენი წევრებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ დღეს უამრავი ბიზნეს დავაა თაროზე შემოდებული და ვიმედოვნებთ, რომ მედიატორთა ასოციაციაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხების გადაწყვეტას“,- განაცხადა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.