„მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ფასი, თუმცა რამდენ ხანს მოვახერხებთ ამას, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის“

„მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ფასი, თუმცა რამდენ ხანს მოვახერხებთ ამას, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის“ - ამის შესხებ კომპანია “ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ ქეთი ვაშაკიძე ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

,,ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენი კომპანია პანდემიის პირობებშიც აქტიურად ოპერირებს. ტენდენცია ასეთია, ჩვენი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა იკლებს. მეორე საკითხია ის რომ, ჩვენი პროდუქცია აქტიურად შედიოდა სასტუმროებში და რესტორნებში, რომლებიც ახლა დახურულია. ჯამურად მოხმარება შემცირებულია, თუმცა მნიშვნელოვნად არა, რადგან ქათამი და მისი პროდუქტები არის ცილის წყარო, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა კვლავ აქტიურად მოიხმარს. გაყიდვების შემცირების დიდი ნაწილი ჰორეკა სექტორზე მოდის, რადგან მათი ოპერირება შეზღუდულია. რაც შეეხება მოსახლეობას, აქ კლება დიდი არაა.

მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამ პერიოდში არ გაგვეზარდა ფასი, რაც გამოგვივიდა. ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ფასი, თუმცა რამდენ ხანს მოვახერხებთ ამას, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. რადგან მნიშვნელოვნად არის გაძვირებული თვითღირებულება“-ამბობს ,,ჩირინას“ წარმომადგენელი ,,საქმეში“.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში, ქათმის წარმოება ერთადერთია, რომელიც იბეგრება დღგ-თი და თუ მთავრობა ამ გადასახადს მოხსნის, შემცირდება პროდუქციის ფასი.

,,ქათმის წარმოება ერთადერთია სოფლის მეურნეობაში, რომელიც იბეგრება დღგ-თი. ამ საკითხზე მთავრობასთან მიდის კონსულტაციები, რადგან ამ გადასახადის მოხსნა, მოსახლეობას გაუიაფებს პროდუქციას და გაზრდის მოხმარებას. ეს ალბათ, არის, ძალიან მნიშვნელოვანი პანდმიის ფონზე“, - აცხადებს ქეთი ვაშაკიძე.

თამარ მუკბანიანი