პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ხატია წილოსანი აირჩიეს. მოადგილე კი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ კვოტით, გოგი მეშველიანი გახდა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომიტეტის ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე იმუშავებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით.
„ძირითადი მიმართულებები, რაზეც კომიტეტი აქტიურად იმუშავებს, არის მსხვილი საწარმოების კონტროლი და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა - რაც არის ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. მეორე - ეს არის ბიომრავალფეროვნების დაცვა იმგვარად, რომ რეკრეაციული ტერიტორიების ტურისტული მიზნით ათვისებას და ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. კომიტეტი განაგრძობს ორ ახალ მიმართულებაზე აქტიურ მუშაობას, რაც „ქართული ოცნების” პროგრამის მთავარი მიმართულებაა - ეს არის გარემოსდაცვითი ურბანული და სატრანსპორტო საკითხების მეტი ინტეგრაცია საკანონმდებლო დონეზე, ქალაქებში გარემოსდაცვითი საკითხების გაძლიერება. მეოთხე მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა რაც ახალი, თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მთელი განვითარებული მსოფლიოსთვის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის პოსტი, სადაც კანდიდატურის წარდგენის უფლება ოპოზიციას აქვს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტშიც ვაკანტურია. ბითაძის თქმით, ის კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლებს ელის.