"2020 წელს მთელი სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევა მიმართული იყო ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, პირველ რიგში, მოსახლეობის დასახმარებლად"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი სახელისუფლებო გუნდის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და არის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, სადაც, მთავარი აქცენტი, პირველ რიგში, ყოველთვის კეთდებოდა მოსახლეობის დახმარებაზე.

ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლების ინიციატივის - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში შედგა.

„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათვის, ვინც, მიუხედავად ჩვენი ყველა მცდელობისა, დროებით დაკარგა სამუშაო. ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია 300 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის, რომელიც ჯერ მკაცრი შეზღუდვებისა და ახლა უკვე წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ხორციელდება, ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის, ასევე ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის, რაც გაიცა მთავრობის მიერ, ეს არის უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარება - კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა პანდემიის დასაწყისში სამი თვის განმავლობაში და 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდება ოთხი თვით", - აღნიშნა მინისტრმა.