კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისში მოქმედ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 28 ნოემბრიდან კიდევ ერთხელ შეეზღუდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი გახსნა 24 დეკემბერიდან მოხდება, თუმცა ისიც მხოლოდ რამდენიმე დღით. 6 სავაჭრო მოლი მუშაობის აღდგენა 24 დეკემბრამდე ითხოვს. როგორც „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებდა, ამ სფეროში „დღეს რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი. რამდენიმე ბრენდმა უკვე დატოვა საქართველო, რამდენიმე კი იგივეს აპირებს“.
„ბიზნესპრესნიუსი“ ეტაპობრივად გთავაზობთ, თუ რა შემოსავალი ჰქონდათ და როგორი იყო სავაჭრო ცენტრების მოგება პანდემიამდე პერიოდში.
„თბილისი ცენტრალი“, რომელიც 2010 წელს გაიხსნა, 2019 წელი 2,174 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. კომპანიის 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ „თბილისი ცენტრალი“ არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მლნ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2019 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი იყო 14,401 მლნ ლარი, (2018 წელს 13,803 მლნ ლარი) საიდანაც წმინდა საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 11,857 მლნ ლარი. მიუხედავად იმისა, რომ შარშან კომპანიას შემოსავალი გაეზარდა, წმინდა მოგება მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს „თბილისი ცენტრალის“ მოგება იყო 2,174 მლნ ლარი, 2018 წელს კი 6,421 მლნ ლარი.
„2019 წელს წლის მოგების შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო საკურსო სხვაობიდან მიღებული ზარალის ზრდით, რომელმაც 2019 წელს 5,213 ლარი შეადგინა (2018 - 2,411 ლარი)“, - აღნიშნულია ანგარიშგებაში.
„სს „თბილისი ცენტრალის“ საქმიანობაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო პანდემიამ, რაც აისახება კომპანიის 2020 წლის ფინანსურ შედეგზე. პანდემიის პირობებში, კომპანიას მოუხდა თვეების განმავლობაში (2020 წლის მარტის თვიდან მაისის თვის ჩათვლით) საქმიანობის შეჩერება, რამაც გამოიწვია მის წინაშე არსებული ვალდებულებების გადავადება შემდგომ პერიოდებზე გადახდის პირობით. მოიჯარეების შენარჩუნებისა და წვრილი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კომპანიამ შეიმუშავა საშეღავათო ტარიფების ბადე გარკვეულ პერიოდზე, რითაც მოახერხა მოიჯარეების შენარჩუნება, მიმდინარე პერიოდში კომპანია საქმიანობას წარმართავს მენეჯმენტის მიერ შემუშავებული კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში“, - აღნიშნულია ანგარიშგებაში, რომელიც მეორე ე.წ. ლოკდაუნამდე გამოქვეყნდა.
ცნობისათვის, სს „თბილისი ცენტრალი“ 2006 წლის თებერვალს დაფუძნდა. 2006 წლის 15 მაისს კომპანიამ გააფორმა 49-წლიანი იჯარა თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაზე. კომპანიამ აღნიშნული შენობა, რომლის საერთო ფართობი 23,097 კვადრატული მეტრია, იჯარით აიღო მისი სავაჭრო ცენტრად გარდაქმნის მიზნით. კომპანიამ ქონება გარდაქმნა სავაჭრო ცენტრად, რომელიც 2010 წლის 21 მაისს გაიხსნა და დღემდე მოქმედია. 2012 წლის 13 ივლისს, კომპანიასთან დაკავშირებულმა მხარემ, შპს „რივერსაიდ პლაზამ“, მოიპოვა საკუთრების უფლება თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაზე. ამ თარიღიდან, კომპანია ქირაობს შენობას შპს „რივერსაიდ პლაზასგან“. კომპანიას ჰყავს შვილობილი საწარმო, შპს „ცენტრალ რითეილი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიცაა. შვილობილი საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კაფის მართვა, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში მდებარეობს. კომპანია, თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად, შეადგენს კომპანიების ჯგუფს.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი აქციონერია ნიდერლანდებში დაფუძნებული „GRDC Holding BV“.
“თბილისი ცენტრალის“ სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარე არის მამუკა ხაზარაძე, საბჭოს წევრები არიან - ბადრი ჯაფარიძე, ჟან პატრიკ ვუაზინი (საფრანგეთი); ბობ მეიერი (ნიდერლანდები). კომპანიის დირექტორია ლევან ყარალაშვილი.
სავაჭრო ცენტრის ძირითადი მიმართულება საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობაა. დღეის მდგომარეობით ცენტრში ფუნქციონირებს ტექნიკის თითქმის ყველა მაღაზია, რაც წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე, ოქროსა და ვერცხლის ბაზრობა, ტანსაცმლის მაღაზია, 1700 კვ.მ ზე ფუნქციონირებს სასტუმრო.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უშუალოდ კომპანია „თბილისი ცენტრალში“ დასაქმებული იყო 126 თანაშრომელი.