საახალწლო კონცერტზე, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მერია ნახევარ მილიონ ლარამდე დახარჯავს. ამასთან დაკავშირებით მერიას გამარტივებული შესყიდვა აქვს გამოცხადებული. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 491 ათასი ლარია.
ამასთან, როგორც მერია განმარტავს, კონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდება და საზოგადოებას მისი ნახვა პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეეძლება.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და შესაბამისი რეგულაციების დაცვით საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რომლის ნახვის საშუალება საზოგადოებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ექნება.
31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება. საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას - სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას. სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება, როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.
კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები,“-აღნიშნულია შესყიდვის წინადადებაში.