რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენი რესტორანი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენი რესტორანი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

როგორც მან მიმდინარე სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, 250 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე არსებობს ამიტომ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

„პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ სფეროს შესაძლებლობა მიეცა, რომ გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მეორე „ლოკდაუნიდან“ ისევ დაღმასვლა მოხდა და სფეროსთვის გადარჩენისთვის ბრძოლა გახდა აუცილებელი. დღესაცაა ეს კითხვის ნიშანი, თუ საბოლოოდ რამდენი რესტორანი და სფეროს პროფესიონალი დარჩება ქვეყანაში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ლოკდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირება იყო. დღესდღეობით კი კომუნიკაციის საკითხია მიტანის სერვისის მქონე რესტორნების პერსონალისთვის საშვების გაცემა, რაზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სფეროსთვის დიდი შვებაა, რომ გადავადებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები ჩამოიწერება.