"საცხობები, რომლებიც ქარხნული ტიპის პურს აწარმოებენ სუბსიდირებას იმ პირობით იღებენ, რომ ფასს არ გაზრდიან, პატარა თონეები კი შეიძლება ზრდიდნენ ფასს"

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამოქმედდა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა და პურის გაძვირების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

"მოსალოდნელი არაა გაძვირება, რადგან დაიწყო სუბსიდირების პროგრამა და საცხობები, რომლებიც ქარხნული ტიპის პურს, ანუ ქვის პურს აწარმოებენ ამ სუბსიდირებას იმ პირობით იღებენ, რომ ფასს არ გაზრდიან პურზე. თუ ავიღებთ პატარა საცხობებს და თონეებს, მათზე სუბსიდირება არ კეთდება და შეიძლება ისინი ზრდიდნენ ფასს 10-20 თეთრით. წარმოების პროცესს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ბუნებრივი გაზის ფასის ზრდა პურის მწარმოებლებს არ შეხებიათ, რაც ხელშეწყობაა",-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება. შედეგად, 1 ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 53 ლარი იქნება.