საქართველოში ფქვილი ისევ გაძვირდა

საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა.

ბოლო 3 კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 6-7 ლარით მოიმატა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისში მოქმედ მცირე ზომის პურის საცხობებში განუცხადეს, ამას იანვრიდან გაზის გაძვირებაც დაემატება, რაც საბოლოო ჯამში მათზე მძიმედ აისახება.

„2-3 კვირის წინ პირველი ხარისხის ფქვილს 61-63 ლარად ვყიდულობდით. დღეს მივედით, რომ გვეყიდა ფქვილი და ის უკვე გაძვირებული დაგვხვდა. ერთი ტომარა ფქვილი „ალაფი“ 69 ლარი გახდა, „კარმენი“ კი 68 ლარი. 3 იანვრიდან გვიძვირდება გაზიც. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პატარა საცხობებზე, ან მოგვიწევს პურის გაძვირება, რაც გამოიწვევს რეალიზაციის შემცირებას, ან კიდევ დახურვა. სხვა გზა არ არსებობს“, - გვითხრეს ერთ-ერთ საცხობში.

გაძვირებული ფქვილის შესყიდვა მოუწია თბილისში მდებარე კიდევ ერთ პურის საცხობსაც. როგორც მეპატრონე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ასეთ პირობებში მუშაობას სავარაუდოდ, ვეღარ გააგრძელებს და იანვრიდან საცხობის დახურვა მოუწევს. „როდესაც 69 ლარად ყიდულობ ფქვილს, რომელიც 2 კვირის წინ 61 ლარი ღირდა და როდესაც ამ ყველაფერს იანვრიდან გაძვირეული გაზიც დაემატება, ალბათ, მუშაობას აზრი აღარ ექნება. თუ ფქვილის ფასი არ შემცირდა, სავარაუდოდ, დავხურავ საცხობს. ანალოგიურ სიტუაციაშია ბევრი სხვა საცხობიც“.