ბრიტანეთის ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მფლობელების გასაჯაროვება მოუწევთ. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მინისტრთა კაბინეტი მოელის, რომ რეესტრი, სადაც აღნიშნული ინფორმაცია იქნება ასახული, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი 2023 წლიდან იქნება.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ინიციატივას მხარს უჭერენ თავად ბრიტანეთის ოფშორული ტერიტორიების ხელისუფლებები, მათ შორის კაიმანისა და ბრიტანეთის ვირჯინისს კუნძულების მთავრობები. შესაბამისი რეეესტრი უკვე გამზადებული აქვს გიბრალტარის ხელისუფლებას.
ამ დროისთვის კი ბრიტანეთის ოფშორული ტერიტორიები ვალდებულნი არიან, იქ რეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ მხოლოდ ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათზე მოთხოვნის შემთხვევაში.