კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში დაპირისპირებაზე - ვიდრე მე ვარ ქალაქის მმართველი, არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს

თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ! ეს მისაღებია, „მოსულა“? გამეცით პასუხი! შეიძლება ამის გაკეთება? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ის თავისი მერობის პერიოდში არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს.

„თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ! ეს მისაღებია, მოსულა? გამეცით პასუხი, შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში სახლი და ა.შ. სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფოს მიწები, კატეგორიულად მიუღებელია. ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ მათ. ან მეორე ვარიანტია ადამიანების, რომლებსაც სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფს თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში აფრიკის დასახლებაში ხმაურია. მოსახლეობა მერიის მხრიდან უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟს აპროტესტებს.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დილით დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.