დღეის მდგომარეობით, 300-ლარიანი დახმარება 43 899 პირმა მიიღო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრის მდგომარეობით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია კიდევ 22 177 პირს ჩაერიცხა, რაც 6 653 100 ლარია.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დეკემბერში დაიწყო და ის უკვე 43 899 პირმა მიიღო. კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი 3 სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურიცხავს იმ პირებს, ვინც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge . შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. საყურადღებოა, რომ გადამხდელებმა და კომპანიების წარმომადგენლებმა, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია!“- აღნიშნულია ინფორმაციაში.