მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს მიაღწია და აუცილებელია მისი თანდათანობით შემცირება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა სამომავლო გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი.
„მსურს მომდევნო წლების ძირითად მოსალოდნელ გამოწვევებს შევეხო. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დასრულება მოსალოდნელია 2021 წელს, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ჩვენს პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებად სავარაუდოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში ჩვენი ძირითადი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგ ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ. კერძოდ, მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს მიაღწია და აუცილებელია მისი თანდათანობით შემცირება. ვალის შემცირების გზა, ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. აუცილებელია 2022 წლიდან მისი რადიკალური შემცირება მოხდეს და პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. ეკონომიკური განვითარებისთვის და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნება. საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი. აუცილებელია ფისკალური რისკების მინიმიზაციაც. ასევე, სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.