ბრიტანეთმა რეგულაციების დარღვევისთვის Facebook, YouTube და Twitter, შესაძლოა, შემოსავლების 10%-ით დააჯარიმოს

დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Facebook, YouTube და Twitter, შესაძლოა, მათი გლობალური შემოსავლების 10%-ის ოდენობით დააჯარიმოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, რომელიც ინტერნეტში ტექნოლოგიური გიგანტების უსაფრთხოებას ეხება, ვალდებულნი არიან ოპერატიულად „წაშალონ და შეზღუდონ არაკანონიერი კონტენტის გავრცელება“, რომელიც ბავშვებზე ძალადობას და ტერორისტულ შინაარს ატარებს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი მათ მრავალმილიარდიანი ჯარიმები ემუქრებათ. მაგალითისთვის, ეს ჯარიმა რომ დაეკისროს Facebook-ს, მას მოუწევს 7,1 მილიარდი დოალრის გადახდა, YouTube-ის შემთხვევაში კი მის მფლობელ კომპანიას Google მოუწევდა 16 მილიარდი დოლარის გადახდა.

ახალი რეგულაციები ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა 18-თვიანი კონსულტაციების შემდეგ, რომელიც აწარმოა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მისი ამოქმედება დათვლილია ყველა საიტის მიმართ, რომელზეც განთავსებულია მომხმარებელთა კონტენტი, მათ შორის ვიდეოთამაშების და ონლაინ მაღაზიების მიმართ. თუმცა ის არ შეეხება ახალი ამბების საიტებზე განთავსებულ მომხმარებელთა კომენტარებს.

ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული რეგულაციის შემოღება აუცილებელია ბავშვების ინტერესების დაცვის მიზნით. ასევე აუცილებელია, რათა აღდგეს ნდობა ამ სფეროს მიმართ და გამყარდეს სიტყვის თავისუფლების კანონდებლობით გათვალისწინებული გარანტიები.

ამავდროულად, ბრიტანეთის ხელისუფლება არ აპირებს მომხმარებელთა ანგარიშების გახსნას ისეთი სერვისებისგან როგორიცაა WhatsApp და iMessage, რათა გაეცნონ გზავნილების შინაარს.

როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა მანამდე განაცხადა, რომ 2021 წლიდან აპირებს აამოქმედოს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მარეგულირებელი წესები, რათა მათ საკუთარი უპირატესობით ბოროტად არ ისარგებლონ. შესაბამისად, მათ მოუწევთ გახდნენ მეტად გამჭვირვალე მათ მიერ წარმოდგენილი სერვისების მიწოდებისას და მომხმარებელთა მონაცემების გამოყენების დროს.

ამ წესების ასამოქმედებლად ლონდონი დიდი ბრიტანეთის კონკურენციის საბჭოსთან ერთად შექმნის ახალ სამსახურს, რომელიც დაკავდება ციფრული ბაზრებით. ის მუშაობას შეუდგება 2021 წლის აპრილიდან და ექნება სრული უფლებამოსილება შეზღუდოს, დაბლოკოს ან უარი თქვას ტექნოლოგიური გიგანტების გადაწყვეტილებებზე და იმოქმედონ არსებულ კოდექსთან შესაბამისობაში.

კოკა კვირკველია