გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რატომ ხარჯავს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებში ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მოსახლეობას სხვა უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებები აქვს.
როგორც კალაძემ განაცხადა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ის პრობლემების პირისპირ მარტო არ დატოვებს.
„გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა პანდემიის გამო. მე ადამიანებს არ დავტოვებ ამ პრობლემების პირისპირ. მათ მაქსიმალურად ექნება ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა. როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში. მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეოაბში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ანაზღაურება, რათა ამ რთულ ვითარებაში რაღაცნაირად იყოს ჩვენი მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობა. გარდა ამისა, 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახსებს და ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა კალაძემ.