ახალი წლისთვის შეზღუდვები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად ვიქნებით, უკეთესია, ვინაიდან, ჯერ კიდევ ვირუსი არის საკმაოდ მაღალი გავრცელების ზღვარზე, - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დონე შემცირებულია, მაგრამ ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას, რადგან გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ბოლო კვირის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხები, გამოწვევები, რის წინაშეც სექტორი დგას. ასევე, ვიმსჯელეთ შეზღუდვების დაწესების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ფაქტია, რომ გავრცელების დონე არის შემცირებული, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება, იმიტომ, რომ გავრცელება ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ასევე, ვისაუბრეთ სავარაუდო შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ახალი წლისთვის შეზღუდვები გარკვეულწილად უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად ვიქნებით, უკეთესია, ვინაიდან, ჯერ კიდევ ვირუსი არის საკმაოდ მაღალი გავრცელების ზღვარზე“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.