ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც დეპუტატს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გაცემულ დაპირებებზე კითხვა დაუსვეს.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მოსახლეობას დაპირდა, რომ სადაც კანონით შესაძლებელი იქნებოდა, ბინების დაკანონებაში დაეხმარებოდა, თუმცა, თუ ეს ბინები ბოლო 2-3 თვეშია აშენებული და მათ მეპატრონეებს სხვა საცხოვრებელიც აქვთ, მაშინ კანონი ყველამ უნდა დაიცვას.
„სამგორთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, ძალიან პრობლემური რაიონია, რადგან თბილისის მეოთხედს მოიცავს და ქალაქში მგონი ეს არის ერთადერთი რაიონი, სადაც ბევრ ქუჩაზე არ არის გაზიფიცირება, ასფალტი, კანალიზაცია, ეს ყველაფერი გვაქვს გასაკეთებელი. არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა, მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებაში, იგივე თბილსიის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან ძნელია დახმარება. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა დავინტერესდი (პარლამენტში ვიყავი როცა ეს პროცესი დაიწყო), მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. დეტალურ განმარტებებს თბილისის მერი გააკეთებს. მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. არის არაერთი დასახლება, სადაც აშენებული აქვთ სახლები წლების წინ ადამიანებს, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს ზრდიან, ხეხილი აქვთ დარგული და ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით, თუმცა, ამ ადამიანებს შორისაც იყვნენ ხალხი, რომელიც მეუბნეოდა, რომ 1400, 1800 კვადრატული აქვს შემოღობილი, ასეთ ადამიანს, ბოდიში, ყველას იქვე ვეუბნეოდი, რომ ვერ დავპირდები, რომ 1800 მეტრს თბილისში, შეიძლება ცენტრში არა გარეუბანში, მაგრამ მაინც ამის დაკანონებაში მოგეხმარებით,მაგრამ მინიმუმ საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას, მაგრამ როცა მეუბნებიან, რომ ადამიანებმა თუ ბოლო 2-3 თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში, კანონს მართლა ყველა უნდა დავემორჩლოთ. თითოეულ ადამიანს დავპირდი, რომ სადაც კანონის ფარგლებში შესაძლებელია დახმარება, დავუდგებოდი გვერდით,“- განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.