საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა, მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ღონისძიებები მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ.
როგორც მან აღნიშნა, საზაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოეწყო 11 საიზოლაციო სივრცე, სადაც მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პირების გადაყვანა ხდება (მათ ვისაც უფიქსირდებათ ვირუსით ინფიცირების სიმპტომები); ასევე, დამონტაჟდა დისტანციური თერმოსკანერები და თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოში შემომსვლელ ყველა პირს, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში დამონტაჟდა 14 საველე კარავი, სადაც ხორციელდება საქართველოში შემომსვლელი პირების ტესტირება. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა დაიწყო სპეციალურად შექმნილმა ეპიდემიოლოგების ჯგუფმა, რომელიც 28 ეპიდემიოლოგით და 50 ოპერატორით დაკომპლექტდა, დაიწყო საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლთა ტესტირება. ტესტირებულ მძღოლთა რაოდენობა შეადგენს 146,700 ადამიანს, საიდანაც ინფიცირების 3,260 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გაფართოვდა ელექტრონული სერვისების არეალი, რომელთა ფარგლებში საბაჟო გაფორმების პროცედურები დისტანციურად ხორციელდება.
„პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.