გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, სკოლები და ბიზნეს ობიექტები დაიხურა

გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები, რომელიც 10 იანვრამდე იმოქმედებს, კრძალავს საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევას. ამასთან, კომპანიებს მოუწოდებენ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სუპერმარკეტები და ბანკები ღია რჩება. გამკაცრებული ზომები შობის დღესასწაულზე მცირედით შემსუბუქდება და თითოეულ ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ოთხ ახლობელს უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, გერმანიაში მსუბუქი „ლოქდაუნი“ 2 ნოემბრიდან მოქმედებდა, რომლის ფარგლებში ქვეყანაში რესტორნები და ბარები დახურული იყო, მაღაზიები და სკოლები კი ღია რჩებოდა.

ცნობისათვის, გერმანიაში გუშინ კორონავირუსის 14 432 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 500 ადამიანი გარდაიცვალა.