საერთაშორისო შეზღუდვების გავლენა საქართველოს ფულადი გზავნილების ბაზარზე

ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მზარდი გლობალური ბაზარია და მისი ზრდის დინამიკა გლობალური მიგრაციის პროპორციულად იზრდება. ინტელიექსპრესიც ამ გლობალური მოთხოვნების კვალდაკვალ ვითარდება და უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი ფულადი გზავნილების სისტემის სახით.

კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სფერომ, მათ შორის ფულადმა გზავნილებმა, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. საქართველოს ეკონომიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკაში, მნიშვნელოვანი როლი აქვს უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებს. 2019 წელს ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12.73%-ს შეადგენდა. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, პანდემიის პირობებში როგორ შეიცვალა სიტუაცია ფულადი გზავნილების ბაზარზე. რამდენად უარყოფითი თუ დადებითი გავლენა აქვს პანდემიას გზავნილების დინამიკაზე.

ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან თავართქილაძის თქმით, პანდემიამ ნამდვილად იქონია გავლენა ფულადი გზავნილების სფეროზე. 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეში, მაშინ როცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, პანდემიის პირველი ტალღის გამო, მთავრობებმა შეზღუდვები შემოიღეს ძირითადად ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, ფულადი გზავნილების შემცირება შეიმჩნეოდა. განსაკუთრებული კლება, აღნიშნული პიკური პერიოდის დროს იყო ევროპაში ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებიდან: იტალიიდან და ინგლისიდან. ამ ორი ქვეყნიდან გზავნილები ფაქტობრივად განახევრდა არა მარტო საქართველოს არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართულებითაც სადაც ინტელექსპრესით იგზავნება თანხები, მაგალითად უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, ფილიპინების, შრი-ლანკას, კვიპროსის და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქებასთან და კრიზისული პერიოდის გავლასთან ერთად ფულადი გზავნილების ბაზარზეც მოხდა სიტუაციის მკვეთრი ცვლილება და მაის-ივნისის თვიდან გზავნილებს კუთხით ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ფაქტობრივად გასული წლის იგივე მაჩვენებლებთან შედარებით 17%-დან 28%-მდე ზრდა ფიქსირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს პანდემიის გამო ქვეყნებს შორის შეწყვეტილი მიმოსვლა, რის გამოც ადამიანებს თავად ვეღარ გადააქვთ თანხები და უწევთ მათი გადაგზავნა ფულადი გზავნილით ან საბანკო გადარიცხვით.

2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ევროპის რიგ ქვეყნებში კვლავ ამოქმედდა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს. მაგალითად, საბერძნეთში აუცილებელი მიზეზის გარეშე სახლიდან გასვლა აკრძალულია და ამისთვის აუცილებელია, რომ მოქალაქემ სმს სერვისით დააფიქსიროს წინასწარ თუ რა მიზნით გადის სახლიდან. გასვლაც მხოლოდ აუცილებელი მნიშვნელობის საქმიანობისთვის არის ნებადართული. მსგავსი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, მობილობას ამცირებს და მათ შორის ფულადი გზავნილების დინამიკაზეც ჰპოვებს ასახვას. თუმცა ვფიქრობთ, რომ გამოწვევებს მზად დავხვდით და სხვადასხვა დისტანციური და მოქნილი სერვისებით უზრუნველვყოფთ ფულადი გზავნილბის ხელმისაწვდომობას.

მიუხედავად მოქმედი შეზღუდვებისა, მოლოდინები მაინც პოზიტიურია იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერი, როგორც წესი, ყოველთვის მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა და ემიგრაციაში მყოფნი ცდილობენ რომ საახალწლოდ მაქსიმალურად დაეხმარონ თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს, შესაბამისად წელსაც მოსალოდნელია რომ წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მაჩვენებლები არ შემცირდება.

ლევან თავართქილაძის თქმით, საქართველო ძირითადად გზავნილების მიმღები ქვეყანაა, თავისთავად ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფითია ვირუსის შემთხვევების მატება, თუმცა გზავნილების მიღების კუთხით ეს შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. არის მიმართულებები საიდაც საქართველოდან იგზავნება თანხა მაგალითად: ფილიპინები, ნეპალი, პაკისტანი, უკრაინა, სომხეთი. ამ კუთხით შესაძლებელია იყოს კლება, თუმცა ეს უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად არ აისახება.

(R)