120 000 ადმიანი 28 ნოემბრიდან სახლში დაჯდა და არ ვიცი, მომავალი წლიდან, რამდენი მათგანი შეძლებს სამსახურის შენარჩუნებას“ - განაცხადა „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორი კვირაა ვართ თხოვნის რეჟიმში, რათა შედგეს შეხვედრა და ვისაუბროთ არსებულ რეალობაზე, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს არავითარი უკუკავშირი. მხოლოდ საჯარო განცხადებებით ვიღებთ ინფორმაციას და ჩვენც ამ გზით, მედიიდან ვცდილობთ მივაწოდოთ ხმა.
ლოქდაუნის გაგრძელების შეთხვევაში, ინდუსტრია მთლიანად ჩამოიშლება და აღდგენას ვეღარ შეძლებს. წინ გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი. სექტორი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დაახლოებით 1 მლრდ-ს რეალიზაციას დაკარგავს დეკემბერში.
120 000 ადმიანი 28 ნოემბრიდან სახლში დაჯდა და არ ვიცი, მომავალი წლიდან, რამდენი მათგანი შეძლებს სამსახურის შენარჩუნებას. შემცირებაზე არ ვსაუბრობთ, ბევრი ბიზნესი უბრალოდ, ვერ გადარჩება, ამიტომ საინტერესოა, რის ხარჯზე ელოდება ეკონომიკური გუნდი შემოსავლების ზრდას ბიუჯეტში 2021 წლიდან. ერთადერთი თეორიული შანსია, რომ გადასახადები გაზარდონ და დარჩენილი ბიზნესიდან მეტი ამოიღონ. ამის უფლება მათ კონსტიტუციით არ აქვთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
კახა ხაზარაძის თქმით, მათმა კომპანიამ, უკვე დაკარგა რეალიზაციის 40%, წინ კი უფრო რთულ პერიოდს ელოდება, რადგან ხელისუფლების მხრიდან კრიზისების სწორი მართვა არ ხდება.
„ჩვენმა სექტორმა რეალიზაციის 40% უკვე დაკარგა. ამიტომაც, ბევრი კომპანია უბრალოდ, ვეღარ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. მინიმუმ მესამედი ჩვენი ობიექტებისა დაიხურება, შეიძლება ნახევარიც. 29 წელიწადია ბაზარზე ვართ, საკმაოდ ორგანიზებული ვართ და გადავიტანეთ 90-იანი წლები, 2008-წლის ომი და კრიზისი. ყოველთვის შევძელით ფუნქციონირების გაგრძელება. ახლა გვაქვს სამი პრობლემა. კოვიდის არასწორი მართვა, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ამ სამიდან კომპლექსური გადაწყვეტილების პოვნაა საჭირო, რაც არ ჩანს, რომ მოხდება, ამიტომ ძალიან მძიმე მომავალი ზამთარი და წელი გვაქვს წინ“ ,- განაცხადა კახა ხაზარაძემ ,,საქმეში“