საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 22.4 ლარით გაიზარდა

2020 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (წინაწლისშესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით);

მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6 პროცენტით);

2020 წლის მე-3 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 472.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 54 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 3.2 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2020 წლის მე-3 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 188.8 ლარი, შემცირდა 0.1 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2020 წლის მე-3 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 88.8 ლარით და 1 130.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს.

თაია არდოტელი