ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება და დახლზე არ ყოფილა სიცარიელე

ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება და დახლზე არ ყოფილა სიცარიელე. ყველა პროდუქტის მიმართულებით ჩვენ გვქონდა უწყვეტი მომარაგება. ეს არ ყოფილა მარტივი სიტუაცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთელი წლის განმავლობაში კორონავირუსით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებას არაორდინალურ ვითარებაში მუშაობა უწევდა.

„2020 წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში. ის იყო არაორდინალური და შესაბამისად, არაორდინალური დღის წესრიგი შექმნა ყველა უწყებისთვის. ჩვენი სამინისტროს მანდატი განისაზღვრა პრემიერ-მინისტრის და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომლის წევრიც ჩვენი სამინისტროა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო ლოჯისტიკაზე, მარაგებით ქვეყნის უზრუნველყოფაზე. სასურსათო მარაგები გამოწვევად იქცა ბევრი წარმატებული ქვეყნისთვისაც. ჩვენმა ქვეყანამ ეს სირთულეები განსაკუთრებით წარმატებით დაძლია. ჩვენ შევქმენით სასურსათო მარაგების მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომელიც პასუხობდა იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სურსათით, გვქონოდა მარაგების სტაბილური რაოდენობა მიწოდებაში არ ყოფილიყო შეფერხება. ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება და დახლზე არ ყოფილა სიცარიელე. ყველა პროდუქტის მიმართულებით ჩვენ გვქონდა უწყვეტი მომარაგება. ეს არ ყოფილა მარტივი სიტუაცია. ყოველთვის ვახდენდით ხორბილის მარაგების მუდმივ მონიტორინგს და ეს იყო ჩვენი სამინისტროს ამოცანა, მაგრამ ხორბალთან ერთად დავიწყეთ ყველა პირველადი პროდუქტის მონიტორინგი“, - განაცხადა დავითაშვილმა.