ლონდონმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმაღლეს დონეზე გადაინაცვლა

ლონდონმა, ინფიცირების ზრდის გაკონტროლების მიზნით, კორონავირუსთან დაკავავშირებული შეზღუდვების უმაღლეს - მე-3 დონეზე - გადაინაცვლა. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების მესამე დონე ნიშნავს იმას, რომ ქალაქში იხურება თეატრები, რესტორნები. ამასთან, კვების ობიექტებს უფლება აქვთ, მომხმარებლებს გატანის სერვისი შესთავაზონ. რაც შეეხება სკოლებსა და აუცილებელი პროდუქტის მაღაზიებს, მე-3 დონის ფარგლებში მათი ღია დარჩენა შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საშუალება აქვთ, თუმცა ღია საჯარო სივრცეებში ექვსამდე ადამიანის შეკრება დასაშვებია.

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა გუშინ განაცხადა, რომ ლონდონში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მიმართვიანობის "მკვეთრი ზრდა" ფიქსირდება. მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია.

„ეს ქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, არა მხოლოდ ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ჩვენ დავინახეთ, რომ ადრეული ქმედებების შედეგად უფრო მეტი ზიანისა და გრძელვადიანი პრობლემების თავიდან აცილებაა შესაძლებელი,“- განაცხადა მინისტრმა.