დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სხვადასხვა რაიონში 32 ოჯახს ბინები დაუკანონდება.
ამასთან, კალაძემ განმარტება გააკეთა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სახლების დაკანონება მისი საარჩევნო დაპირება იყო, თუმცა ეს ეხება იმ სახლებს, სადაც ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და დაკანონებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ.
„გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და კიდევ ერთხელ მინდა განმარტება გავაკეთო. რაზეც სუბარი საუბრობს, იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საარჩევნო დაპირებას ვაკეთებთ და მივყვებით ბოლომდე. ეს არის იმ სახლების დაკანონება, სადაც ადამიანები ათეული წლებია ცხოვრობენ შვილებით, შვილიშვილებით, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახორციელებენ დაკანონებას. ეს ვერ შეეხება იმ „ქეისებს“, როდესაც ხვალ ადამიანი ადგება სახელმწიფო მიწას მიიტაცებს, იტყვის ეს ჩემიაო და მოვა მოგვთხოვს დაკანონებას. ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა. დაპირება, რაზეც ბატონი სუბარი საუბრობდა, ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება თანადგომა. დღეს 32 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები დედაქალაქს სხვადასხვა რაიონში. ისნის რაიონში არის 1 ოჯახი, ნაძალადევში 10; ისანში დამატებით კიდევ 12; მთაწმინდის რაიონში 4 და გლდანის რაიონში 2 ოჯახი. ამ პროგრამას ვაგრძელებეთ, ამ პროგრამას საფრთხე არ შეექმნება და მაქსიმალურად იქნება თანადგომა”,- განაცხადა კალაძემ.