თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მომდევნო მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, თუ როგორ შეძლებს თბილისის მერია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერასა და თანადგომას.
კალაძის განმარტებით, მერიამ ბიზნესს მხარდაჭერა პანდემიის პირველი ტალღის დროს გაუწია და ამჟამინდელ ვითარებაშიც გეგმავს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგამას.
„ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს მთელი რიგი დახმარებები გავუწიეთ ბიზნეს სექტორს. ის, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა, ამის გარდა, მუნიციპალიტეტმაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ეს იყო ის, რომ ჩვენ მეწარმეებს მივეცით გარკვეული შეღავათი, რომელიც იყო იჯარისგან გათავისუფლება 3 თვით, ზოგ შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში. წლის განმავლობაში მათზე დაკისრებული საურავების გაუქმება, რაც რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პანდემიის მეორე ტალღაა და მთავრობას ისევ მოუწია ეკონომიკურ სექტორზე რიგი შეზღუდვების გავრცელება, იცით, რომ რიგი მიმართულებები დახურულია, არ მუშაობს, ეს ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მომდევნო მთავრობის ხდომაზე წარმოადგინოს მსგავსი ტიპის საშეღავათო პირობები, თუ რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ, რომ ამ მიმართულებას დავეხმაროთ და მაქსიმალურად ჰქონდეს ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა“,-განაცხადა კალაძემ.