ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი. როგორც ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა კლიმატური რისკების დადგომისას დაიცვან საკუთარი შემოსავალი.

„2020 წელს 2019 წელთან შედარებით 31%-ითაა გაზრდილი აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი, რაც 18,000 ჰა-ს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,532 პოლისი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 8 მლნ ლარს აჭარბებს. აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ“,-აღნიშნა მან.