ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა

სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი განცხადებით, პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო.

„ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია. სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას“,-აღნიშნა მან.

ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის დამატება, მეღვინეობის დარგის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი წარმატება იყო.