დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “ბ” კატეგორიის მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი წლის ვადით ექნებათ შესაძლებლობა საქმიანობა გააგრძელონ.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ტიპის ტაქსები მუშაობას 2022 წლამდე შეძლებენ.
“ტაქსების რეფორმის შედეგად ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება. ერთი არის “ა” კატეგორიის ტაქსის მძღოლები - ეს არის თეთრი ტაქსები, სპეციალური მანათობლით, ლიცენზირებულები, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან, ეს იყო რეფორმის პირველი ტალღა და მეორე არის “ბ” კატეგორიის ტაქსები, რომლებიც მხოლოდ აპლიკაციით მუშაობენ. “ბ” კატეგორიაში ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლებსაც, ჰქონდეთ ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა ეს იყოს დროში ჩაკეტილი. მათ ამის შესაძლებლიბა ჰქონდათ 2021 წლამდე, თუმცა ყველას კარგად ესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება მათ ერთი წლით გავუხანგრძლივოთ და 2022 წლამდე “ბ” კატეგორიის მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კიდევ ერთი წლის ვადით ექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საქმიანობა”,- განაცხადა კალაძემ.