ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილიზაციის „მოკრძალებული ნიშნებია“. როგორც თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს იმასთან დაკავშირებით, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და როგორ აპირებენ ისინი გახსნის შემთხვევაში რიგების მართვას.
„გვაქვს პირველი მოკრძალებული ნიშნები, სტაბილიზაციის ეტაპია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი შედეგი წერტილოვანი შეზღუდვების და რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის, რაც უზრუნველვყავით. ამ შეზღუდვები ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოთქვა. ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ დღეებში მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟოიოტაჟური მოხმარება, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ჩვენი ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად“,- განაცხადა თურნავამ.