2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მომავალი წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, მოცემული პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზს. მაშინ ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები.

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ეფუძნება, მათ შორის, იმას, რომ 2021 წლისათვის მოსალოდნელია, ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირება და აღნიშნული ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვის“ როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით აღდგენა, რაც, თავის მხრივ, საქონლის დაუბრკოლებელ მიმოცვლას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლისათვის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც, შესაბამისად, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.

კიდევ ერთი დაშვება კი ისაა, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების ე.წ. „მეორე ტალღას“ პიკი ექნება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი 0.9 პროცენტული პუნქტით აღემატება მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება მომავალ წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე