დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ „24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით“, მობილობა სერიოზულად გაიზრდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე ავა.
„წინასწარ ვერ გეტყვით 24 დეკემბრიდან რა შეიძლება გაიხსნას და რა შეიძლება არ გაიხსნას, ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა. მე ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. თუ 24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ავარდება ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე, შემდეგ პროცენტულად იანგარიშეთ რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი შეიძლება დამძიმდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.