ამირან გამყრელიძე - გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა დიდი დღესასწაულები! არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი ბევრად „მოკრძალებულად გადაიტანონ“, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია 2-3 დღეში წყალში არ ჩაიყაროს. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა განმეორდეს, რაც „შავ პარასკევს“ მოხდა.

"მიუხედავად სტაბილიზაციისაა, ამ შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკის, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ გთხოვთ, მოსახლეობას ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები! არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული. იმიტომ რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს - პანდემიაა! ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ მოხდა იგივე რაც „შავ პარასკევს“ იყო. ამიტომ თხოვნაა, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ", - განცხადა გამყრელიძემ.