დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შენახვა-მოხმარებასთან დაკავშირებით.
როგორც მან უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ "ფაიზერის" ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, დიდ ქალაქებში ამ სისტემების გამართვა შესაძლებელი იქნება. თუმცა, ქვეყანას სხვა ტიპის ვაქცინების შენახვა-მოხმარების უფრო მეტი რესურსი აქვს.
"იცით რომ სამმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და კანადამ. მალე გერმანია დაიწყებს და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თვითონ ამ ქვეყნებში ხდება ვაქცინის წარმოება. ჯერჯერობით, ვაქცინაცია დაიწყო მხოლოდ ერთი ვაქცინით, "ფაიზერით" დასავლეთში, რადგან რუსული წარმოების ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში. "ფაიზერს" სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი. ჩვენს ცენტრში მუშაობს შესაბამისი ჯგუფი და ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა კრიტერიუმები რა ჯგუფები უნდა აიცრან, ასევე სერვისების მიწოდების კრიტერიუმები და შეფასდა ცივი ჯაჭვის სისტემა ანუ რა გვაქვს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია და გვაქვს კარგად გამართული 2-დან 8 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა ქვეყანაში. აქ არაფირს დამატება არ გვჭირდება. შეგვიძლია "ასტრა ზენეკას" ან სხვა ტიპის ვაქცინების გამოყენება, რომელიც დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებენ სწრაფად დავნერგოთ. ასევე, შესაბამისად არის ამისთვის მომზადებული სტაფი. რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება, მუნიციპალიტეტების დონეზე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები, სადაც შეგვიძლია თავისუფლად "მოდერნას" დანერგვა. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს "ფაიზერთან" დაკავშირებით, რომელსაც -70-80 გრადუსი სჭირდება, ასეთი ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე მაცივარი გვაქვს. ეს მაცივრები დაკავებულია სხვადასხვა სისტემებით, თუმცა შეფასდა რამდენის გამოთავისუფლება შეგვიძლია. ასევე შესყიდვის პროცესშია რამდენიმე ასეთი მაცივარი. თუ "ფაიზერის" ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში ამ სისტემების გამართვა შეგვეძლება. ამას ადამიანების დამატებით გადამზადებაც დასჭირდება", - განაცხადა გამყრელიძემ.