გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში იმაზე მეტი მიწა დარეგისტრირდა, ვიდრე გასული 25 წლის განმავლობაში ჯამში აღებული.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა მიწა მთელ ქვეყანაში რეგისტრირებული იყოს, რისთვისაც საბიუჯეტო თანხები გამოიყოფა.
„ძალიან ბევრი მიმართვა იყო 2020 წელს მიწის რეგისტრაციაზე, დაახლოებით, 40 ათასამდე. ბოლო 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა უფრო მეტი მიწა, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ყველაფერი რეგისტრირებული არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ქვეყანამ გადაწყვიტა სისტემური რეგისტრაციის დასრულება, რომელიც დაიწყო მსოფლიო ბანკთან ერთად, ჩამოყალიბდა სპეციალური მეთოდოლოგია და 12 აგლომერაციაში მოხდა მიწის სისტემური რეგისტრაცია, ანუ ერთ გეოგრაფიულ არეალზე ყველა ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ მიწის ერთი ფენა მთელ ქვეყანაში რეგისტრირებულად შევკრათ. ამისთვის საბიუჯეტო თანხები იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა დავითაშვილმა.